უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ტყვეთა გაცვლის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომში დაღუპულთა ცხედრების გადაცემასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით ყველა ვალდებულება შეასრულეს და რუსეთს გაცვლისთვის საჭირო სიები გადასცეს, თუმცა რუსეთმა საპასუხოდ გასცა სიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა მიღწეულ შეთანხმებებს.
უკრაინამ შესაბამისი კომენტარები გააგზავნა და რუსული მხარის შემდეგ ნაბიჯს ელოდება.
„რაც შეეხება ცხედრების რეპატრიაციას, შეთანხმება მართლაც მიღწეული იქნა. თუმცა, თარიღი არ შეთანხმებულა. შეთანხმებული ალგორითმის თანმიმდევრული განხორციელების ნაცვლად, რუსულმა მხარემ მიმართა ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც ერთობლივი პროცესის ფარგლებში არ იყო შეთანხმებული”, - აცხადებენ სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, არ შექმნას ხელოვნური დაბრკოლებები და არ გააკეთოს ცრუ განცხადებები.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინული მხარე შეთანხმებების პოსტფაქტუმ „გამეორების“ კიდევ ერთი მცდელობის წინაშე აღმოჩნდა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ დაღუპულთა ცხედრების გადაცემა და სამხედრო ტყვეთა გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო.