დონალდ ტუსკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის დამარცხების შემდეგ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მიზნით პარლამენტს მიმართავს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებში ნავროცკის გამარჯვების შესახებ.
„კონსტიტუციისა და ჩვენი საკუთარი სინდისის შესაბამისად, ჩვენ ვითანამშრომლებთ ახალ პრეზიდენტთან ყველგან, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელი იქნება. ვიცი, რომ ეს შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე ბევრი თქვენგანი ფიქრობდა, როცა ხმის მისაცემად მიდიოდა, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩემს განზრახვასა და ნებას, ვიმოქმედო იმ ყველაფრის დასაცავად, რისიც ერთად გვჯერა“, – თქვა ტუსკმა.
მისი თქმით, ახლა პოლონეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა „მთელი კოალიციისგან ერთიანობასა და გამბედაობას მოითხოვს“.
„პირველი გამოცდა ნდობის გამოცხადება იქნება, რის შესახებაც სეიმს უახლოეს მომავალში მივმართავ“, - აღნიშნა ტუსკმა.
შეგახსენებთ,რომ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი აიღო. მან მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დაამარცხა, რომელმაც 49.1 პროცენტი მიიღო.