სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტი აქტივისტების, თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას და 12 დღიანი პატიმრობის მინიჭებას ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა.
იოსელიანს დეპუტატ მარიამ ლაშხის დაკავშირებულ ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზე დაუსვეს კითხვა.
„ნამდვილად არ მიხარია არავის პატიმრობა და ვისურვებდი, რომ სასამართლოს უფრო ლმობიერი სასჯელი გამოეყენებინა ნებისმიერი იმ პირის მიმართ, ვისაც პატიმრობას უფარდებს. პატიმრობა არის მართლა უკიდურესი ფორმა და პატიმრობამდე ბევრი სხვა შესაძლებლობა არსებობს, რომ ადამიანის მიმართ იქნას გამოყენებული. ამ მიმართულებით ჰუმანური მიდგომის მომხრე ვარ. ამავე დროს, არ შეიძლება, რაიმე გამართლება ჰქონდეს შვილების, არასრულწლოვნების თანდასწრებით ისეთ ქცევას, ისეთი ტიპის მოქმედებას, როგორიც ვიხილეთ. მნიშვნელობა არ აქვს, დეპუტატის შვილები არიან თუ რიგითი ადამიანის. არცერთ არასრულწლოვანს, არცერთ ბავშვს არ დაუმსახურებია ასეთ სტრესულ გარემოში ყოფნა იმის გამო, რომ ვიღაცას მისი დედა ან მამა არ მოსწონს. ეს უნდა გავყოთ. ყველას მოვუწოდებ, ნათელი ხაზი გაავლონ თავიანთ პოლიტიკურ აქტივობას, საქმიანობასა და იმ სივრცეს შორის, სადაც ესა თუ ის საჯარო პირი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბავშვებსა და არასრულწლოვნებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.