აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მიტანილ იერიშებს ეხმიანება.
„მუდმივად მოხერხებულმა უკრაინამ დრონებით საბრძოლო მოქმედებების კრეატიული ტაქტიკები გამოიყენა წარმატებული თავდასხმისთვის რუსულ ბომბდამშენებსა და სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც [რუსეთი] უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად და მათი ქვეყნის გასანადგურებლად იყენებს.
რუსეთი განურჩევლად ხოცავს კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. დროა, მსოფლიომ გადაჭრით იმოქმედოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩინეთისა და სხვებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით, იაფი რუსული ნავთობის შესყიდვისთვის, რაც პუტინის ომის მანქანას ამაგრებს“, - წერს გრემი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით თავდასხმა განახორციელა რუსეთის ოთხ აეროდრომზე. შედეგად განადგურდა 40-ზე მეტი რუსული ბომბდამშენი. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთს 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოპერაცია „ობობის ქსელის“ შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.