სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.
სპორტულ ჟრნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
გ