ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტს, თუ ქვეყანა ღაზის სექტორში ომს არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ავრცელებს.
„ტრამპის გუნდი ისრაელს ეუბნება: „თუ ამ ომს არ შეწყვეტთ, მიგატოვებთ“. პოლიტიკურად, როგორც წარსულში, ნეთანიაჰუს (ისრაელის პრემიერ-მინისტრს) ამის გაკეთების საშუალება აქვს, რადგან მას უმრავლესობა აქვს ქნესეტსა და ისრაელში, მაგრამ მას პოლიტიკური ნება არ გააჩნია“, - თქვა გამოცემის წყარომ.
გამოცემის ცნობით, ისრაელი ათიათასობით რეზერვისტს იწვევს, აძლიერებს ღაზის დაბომბვას და ომში ახალ გარდამტეხ მომენტს უახლოვდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ბოლო დღეებში მხოლოდ გაიზარდა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 19-თვიანი ომის განმავლობაში 53 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
ბოლო დღეებში ისრაელმა გააძლიერა საჰაერო დაბომბვები, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. ღაზის სექტორში ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სურსათის დეფიციტი.
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამედიცინო დახმარება პალესტინელებისთვის“ ცნობით, ისრაელმა ასევე ცოტა ხნის წინ ხან იუნისში, ნასერის საავადმყოფოში სამედიცინო მარაგების საწყობს დაარტყა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უახლოეს დღეებში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ალტერნატიულ ჰუმანიტარულ დახმარების მექანიზმს აამოქმედებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დახმარების ცენტრები ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი და არა ჰამასისთვის, რომელსაც ისრაელი არაერთხელ ადანაშაულებს დახმარების მოპარვაში. მისი თქმით, შიმშილობის რისკი „ჰამასის მიერ იყო შექმნილი“.
ამავდროულად, ჰუმანიტარული ორგანიზაციები და ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი უარყოფენ ამ მტკიცებას. ისრაელმა არ წარმოადგინა მტკიცებულებები ასეთი მასშტაბური ქურდობის შესახებ, - აღნიშნავს გამოცემა.