ევროპელი ლიდერები მზად არიან, დაელოდონ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრას სტამბოლში, ვიდრე აშშ-ს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ უბიძგებენ. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ორშაბათს ამერიკელ და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის გამართული საუბრების შემდეგ გაირკვა, რომ ამერიკულ მხარეს სურდა რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს მოლაპარაკებების შესაძლებლობის მიცემა, სანამ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებდა.
წყაროების ცნობით, თუ პუტინი უარს იტყვის ზელენსკისთან შეხვედრაზე ან რუსეთი ხუთშაბათს დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შეასრულოს თავისი მუქარა და მოსკოვს სანქციები დაუწესოს.
გასული კვირის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით გამოვიდა. რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ პირადად დაელოდება ვლადიმირ პუტინს თურქეთში 15 მაისს.