პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“ აცხადებს, რომ ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. „ჰამასის“ განცხადებით, 21 წლის ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით კეთილი ნების გამოხატულებას წარმოადგენს. მათი განცხადებით, მზად არიან მოლაპარაკებებში ჩასართავად ცეცხლის შეწყვეტის ყოვლისმომცველი და მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.
წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ ედან ალექსანდერი გადასცეს.
წყაროების თანახმად, „ჰამასი“ ედან ალექსანდერის გათავისუფლებას დათანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ, რომელიც 13 მაისს იწყება და იმ იმედით, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის განახლებას.
21 წლის ედან ალექსანდერი აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეა. ალექსანდერი ღაზის სექტორის საზღვარზე ელიტურ სამხედრო დანაყოფში მსახურობდა, როდესაც 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს.
251 მძევლიდან, „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე რჩება 58 ადამიანი, ასევე 2023 წლის 7 ოქტომბრამდე დაკავებული კიდევ ერთი მძევალი. მათგან ცოცხალი სავარაუდოდ 24 ადამიანია.