უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ის 15 მაისს თურქეთში იქნება რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად, უკრაინის ძალები კი 12 მაისიდან რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტას ან ცეცხლის გაგრძელებას ანალოგიურად უპასუხებენ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
„ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას ველით - ეს არის წინადადება, რომელიც მაგიდაზეა. სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა - საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას - შეიძლება მშვიდობას კიდევ უფრო მიუახლოვდეს. უკრაინა დიდი ხანია ამ შეთავაზებით გამოდის და ასევე ჩვენი პარტნიორებიც. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. რუსეთისგან მკაფიო პასუხს ველით. რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება. მკვლელობები უნდა შეწყდეს. უკრაინის ძალები კი მზად იქნებიან სარკისებურად უპასუხონ [ცეცხლის შეწყვეტას ამ ცეცხლის გაგრძელებას] - რათა ეს სამართლიანი იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან არაერთხელ მოისმინა, რომ ისინი მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრონ, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირადად დაელოდება 15 მაისს.კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს თურქეთში.
10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.