მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ არ დასრულდეს აშშ-სთან ურთიერთობები და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე
დაბრუნებაა , - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
"ამ ვითარებაში, “მეგობარი აქტი”- ს მიღება , კონგრესის უპრეცედენტო ორპარტიული მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა საქართველოს და ჩვენი ხალხის ცივილიზებული მომავლის მხარდაჭერაა. იმ ადამიანების და მათი ოჯახების თანადგომაა ვინც საპატიმროებშია გამომწყვდეული თავისუფლებისა და ევროპული პერსპექტივის დაცვისთვის, მათი, ვინც თვეების განმავლობაში აპროტესტებს დემოკრატიული არჩევანის წართმევას. ეს აქტი ჩვენი კონსტიტუციის და მისი 78-ე მუხლის პატივისცემაა, რაც მკაფიოდაა აღნიშნული ამ დოკუმენტში.
დღეს არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლები და ყველა, ვინც ხელს უწყობს არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებას, გზას უღობავს ევროპულ ინტეგრაციას და მხოლოდ რუსულ პერსპექტივას უტოვებს ქვეყანას, სერიოზული სანქციების ადრესატი გახდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. ეს პროცესი მძიმე იქნება, არამხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების და და მათი გარემოცვისთვის, არამედ ქვეყანასაც აზარალებს. სამწუხაროდ, სხვა არჩევანი “ოცნების” ხელისუფლებამ არ დატოვა. ეს აქტი სენატშიც დიდ მხარდაჭერას მიიღებს და ტრამპიც ხელს მოაწერს.
თუმცა, მცირე დრო კიდევ არის, რომ საბოლოოდ არ დასრულდეს ამერიკასთან ურთიერთობები და ამის პირობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნებაა. ეს საკითხიც ხაზგასმულია მეგობარ აქტში- სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენა, მეტი მხარდაჭერა თავდაცვის, განათლების, ეკონომიკური და სხვა სფეროებში,ხალხებს შორის უფრო აქტიური ურთიერთობები, რაც გამარტივებულ მიმოსვლას გულისხმობს და ბევრი სხვა რამ. რაც მთავარია, ამ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს , ძლიერი მეგობარი გვერდით.
ამიტომ, სანამ საბოლოოდ ამოიწურება შესაძლებლობა ეს სიკეთეები არდაიკარგოს, არსებული ვითარება უმოკლეს დროში უნდა შეიცვალოს. ვინც გადაწყვეტილებას იღებს, მან კარგად იცის რაც არის საჭირო. აგრესიით, რეპრესიით, პოლიტიკური პატიმრებით და თავისუფალ არჩევნეზე უარის თქმით არაფერი გამოვა და ვითარება უფრო დამძიმდება. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა იზოლაციაში და ერთპარტიულ ავტოკრატიაში ცხოვრება , ამიტომაა პროტესტი თვეებია და არ ქრება. და რაც ხალხს სურს, ის მოხდება საბოლოოდ. ასეთია ისტორიული გამოცდილება", - განაცხადა წერეთელმა.