პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ წელს „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში, შესაძლოა, 1.8 მილიონი ერთეული საარტილერიო ჭურვი მიიღოს, საერთო ჯამში კი პარტნიორებისგან სულ 3 მილიონი ჭურვის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან ერთონლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩეხეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია საარტილერიო ჭურვების თვალსაზრისით.
„ჩვენ ველოდებით, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობა ისეთივე პროდუქტიული იქნება. ჩვენ განვიხილეთ - წელს შესაძლოა 1.8 მილიონი ჭურვი იყოს. ეს ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ორშაბათს ჩეხეთის სამხედრო კომპანიებთან შეხვედრას გამართავს.
„ჩვენ უფრო კონკრეტულ საკითხებს ვამზადებთ“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა „ჩეხური ინიციატივის“ მიღმაც არსებულ ჭურვებზეც იმედოვნებს.
„არსებობს არა მხოლოდ „ჩეხური ინიციატივა“. მადლიერები ვართ ამისთვის, მაგრამ რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ 3 მილიონი საარტილერიო ჭურვის იმედი გვაქვს. ჩვენ გვყავს მოკავშირეები, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.