უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
როგორც უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რუსტემ უმეროვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ განცხადების საფუძველზე აღძრეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის, “კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის” თანახმად, მინისტრს ძალაუფლების ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
ცენტრის ინფორმაციით, უმეროვმა თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სააგენტოს დირექტორთან, მარინა ბეზრუკოვასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე უარი თქვა. „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი“ ასევე წერს, რომ უმეროვმა სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი გაათავისუფლა, რომლებმაც კონტრაქტის გახანგრძლივებას ხმა მისცეს.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა უმაღლესი რადის დეპუტატმა, ანასტასია რადინამ. მისი შეფასებით, უმეროვი „ანადგურებს უკრაინელების ნდობას თავდაცვის უწყების მიმართ“.
ცნობისთვის, დეკემბრის დასაწყისში უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა უმეროვის საკანონმდებლო ორგანოში გამოძახებას, რაც უკავშირდებოდა უკრაინელი სამხედროების მიერ „უკრობორნპორომის“ მიერ წარმოებული უხარისხო ნაღმების მიღების შესახებ ბრალდებებს.