საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილების შესახებ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ EU4Energy-ს ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში გაიმართა.
გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა რეგიონული ბაზრის ფორმირების პერსპექტივებისა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს როლზე.
„ელექტროენერგიის ბაზრების დაწყვილება წარმოადგენს ტრანსასაზღვრო სიმძლავრეების ეფექტური გადანაწილების მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომლის საშუალებითაც ბაზრებს შორის ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლით ხდება ენერგიაზე მიწოდებისა და მოთხოვნის დაბალანსება. საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, რომელიც ეფუძნება ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს, გულისხმობს კონკურენტუნარიანი და ღია პრინციპების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვა ბაზრებთან წარმატებულ ინტეგრაციასა და ბაზრების დაწყვილების პროცესის ეფექტიანობას.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული ქსელების დაკავშირების მიზნით. კერძოდ, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი დაუკავშირდება რუმინეთს, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო წაახალისებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ბაზრების ინტეგრაციის პროცესს. საქართველო მზადაა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებისა და ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებისთვის“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.