ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნორვეგია დახარჯავს მშპ-ის 2%-ს თავდაცვაზე და მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს ივლისის ნატო-ს სამიტამდე.
მისი თქმით, ნორვეგია ამზადებს ახალ გრძელვადიან გეგმას ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომელიც დაფუძნებული იქნება ექსპერტთა მოსაზრებებსა და ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიის კონსენსუსზე.
გასულ წელს, ოსლომ პირველად დაისახა მიზნად, 2026 წლისთვის თავდაცვის ხარჯები მშპ-ის 2%-მდე გაეზარდა, 2014 წელს მიღწეული ნატო-ს საერთო შეთანხმების შესაბამისად.
”ამ მიზნის მიღწევის გასაღები არის ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებში, მაგრამ მე არ შემიძლია დეტალების გამხელა ნატო-ს სამიტამდე”, - თქვა სტიორემ.
ნორვეგიის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა ცივი ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში აჩვენა უფრო ძლიერი არმიის საჭიროება. ნორვეგია ესაზღვრება რუსეთს არქტიკაში და არასოდეს უბრძოლია მასთან უშუალოდ.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ სამხედრო საფრთხეს, მაგრამ რადგან გვყავს მეზობელი, რომელიც თავს დაესხა სხვა მეზობელს და ეს ქვეყანა ავტორიტარულ გასამხედროებულ სახელმწიფოდ გადაიქცა, ამან გვაიძულა გაგვეცნობიერებინა საფრთხე, ამიტომაც ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა, - დასძინა ნორვეგიის პრემიერმა.