თურქმენეთის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა მოაწყო რეიდები სკოლის მოსწავლეების „ზნეობის“ შესაფასებლად. გოგონებს აიძულებენ გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევა, რათა დაადასტურონ საქალწულე აპკის მთლიანობა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების თურქმენეთის ბიურო იუწყება.
გამოცემის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დასავლეთში ბალკანის ვილაიეთის სკოლები შეამოწმეს. აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავდა მოსწავლეების „ზნეობრივი სიწმინდის“ შეფასების აუცილებლობას და მოზარდობის ასაკში ორსულობის თავიდან აცილებას. სკოლის მოსწავლეების მშობლების თქმით, არც მათგან და არც თავად გოგონებისგან აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად ნებართვა არ აუღიათ.
განათლების სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, შემოწმებები ჩატარდა ბალკანაბადსა და თურქმენბაშში. „მე-9-11 კლასის მოსწავლეები იძულებულნი არიან გაიარონ გინეკოლოგიური გამოკვლევა. იდენტიფიცირებულია გოგონები, რომლებსაც ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა და მათი სიები გადაეცა ადგილობრივ პოლიციას და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს“, - თქვა მან.
სხვა წყარომ აღნიშნა, რომ პოლიცია ამოწმებს სკოლის მოსწავლეების მობილურ ტელეფონებს მათი სექსუალური პარტნიორების იდენტიფიცირებისთვის. „სამართალდამცავი ორგანოები განმარტავენ, რომ ეს კეთდება იმ პირების იდენტიფიცირებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, რომლებსაც ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა არასრულწლოვნებთან“, - განმარტა მან.
ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განათლების სფეროს წარმომადგენელთა თქმით, შემოწმებები რეგიონში მოზარდების ორსულობის რაოდენობის ზრდას უკავშირდება. მხოლოდ ბალკანაბადში ბოლო თვეების განმავლობაში ექვსი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
„აღნიშნული ინფორმაცია მივიდა განათლების სამინისტრომდე, რომელმაც ბალკანის რეგიონული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მკაცრი საყვედური გამოუცხადა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, [რეგიონულმა ხელისუფლებამ] დაიწყო დიდ ქალაქებში „მორალური სიწმინდის“ შემოწმება“, - აღნიშნა წყარომ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქმენეთში მსგავსი რეიდები განხორციელდა. 2018 წელს უსაფრთხოების ძალებმა გინეკოლოგების თანხლებით დაათვალიერეს სკოლები დაშოგუზის ვილაიეთის ჩრდილოეთით, რაც აიხსნა, როგორც მოზარდებში პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო 2019 წელს, მე-8–11 კლასების მოსწავლეები, რომლებმაც დაკარგეს ქალწულობა, გამოვლინდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთში, მარიის ვილაიეთში. გამოცემა აღნიშნავს, რომ გოგონების მშობლები მოგვიანებით სკოლაში დაიბარეს და საჯაროდ შეარცხვინეს.