„ჰამასი“ აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან.
“ჰამასის” მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ექიმმა აშრაფ ალ-კუდრამ მას შემდეგ რაც ისრაელის არმია ალ-შიფას ჰოსპიტალში შევიდა, თქვა, რომ საავადმყოფოში მხოლოდ უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მათ შორის პაციენტები, ექიმები და ადგილობრივი მოსახლეობა.
„ჩვენ არაფრის გვეშინია და დასამალიც არაფერი გვაქვს“, - თქვა ალ-კუდრამ.
მანამდე, ალ-შიფაში ისრაელელი სამხედროების შესვლამდე სამი საათით ადრე, ექიმმა ალ-კუდრამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც, თქვა რომ პალესტინის მხარე მზადაა ისრაელელი სამხედროები საავადმყოფოში შეუშვას, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ შეიარაღებული ხალხი არ იმყოფება.
ღაზის სექტორის საავადმყოფოების ქსელის გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ზაკუტმა დაადასტურა, რომ ისრაელელი ჯარისკაცები ალ-შიფას სარდაფებს ამოწმებენ. მისივე თქმით, დილიდან ისრაელელები კომპლექსის მთავარ შესასვლელთან მდებარე საავადმყოფოს ორ შენობაში შევიდნენ. მისივე თქმით, ამ დროს საავადმყოფოდან არც ერთი გასროლა არ ყოფილა.
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდეს - ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.
თეთრი სახლი და პენტაგონი ამბობენ, რომ "ჰამასი" იყენებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოს იარაღის შესანახად და ოპერაციების მხარდასაჭერად, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.
ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამ განაცხადა, ალ-შიფას საავადმყოფოზე თავდასხმა არის დანაშაული კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალისა და პაციენტების წინააღმდეგ.