ევროკავშირი უკრაინას დამატებით 110 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის დადგომა მოსახლეობის ისედაც დაუცველ ფენებს დამატებით პრობლემებს უქმნის.
„მაშინ, როდესაც რუსული რაკეტები ანადგურებენ უკრაინას, საზოგადოება მზად უნდა იყოს, დაეხმაროს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან ზამთრის მძიმე თვეებში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
ლენარჩიჩის თქმით, ახალი სახსრები გამიზნულია ფულადი დახმარების, საკვების, წყლის, საცხოვრებლის, სამედიცინო დახმარების, ფსიქოსოციალური დახმარებისა და დაცვისთვის, ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის დამატებით გენერატორებს გაუგზავნის.
110 მილიონი ევროდან თანხიდან 100 მილიონი პირდაპირ უკრაინაში გაიგზავნება, 10 მილიონი კი მოლდოვაში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად არის განკუთვნილი.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მთლიანი მოცულობა 843 მილიონ ევრომდე გაიზარდა.