ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა თავდაცვის ძალებს უთხრა, რომ მზად იყვნენ ღაზას სექტორში „ჰამასის“ მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად.
დღეს, გალანთი შეხვდა ღაზას სექტორის საზღვართან განლაგებულ ჯარისკაცებს. „ვინც ახლა ღაზას შორიდან უყურებს, შიგნიდან დაინახავს მას, ამას გპირდებით“, - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ისრაელმა ათიათასობით ჯარისკაცი ღაზას სექტორის საზღვრებთან განალაგა და განაცხადა, რომ გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1300 და დაშავდა ათასობით ადამიანი, ხოლო მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი მოქალაქე.
თუმცა, როდის დაიწყება ზუსტად სახმელეთო ოპერაცია, კონფლიქტის დეესკალაციისათვის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევისა და ღაზას სექტორში მოსახლეობისათვის 20 ოქტომბერს ეგვიპტის მიერ მოსალოდნელი ჰუმანიტარული დერფნის გახსნის ფონზე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.