ევროპარლამენტმა 2023 წლის სახაროვის პრემია გადასცა ჯინა მაჰსა ამინის და ირანულ ქალთა მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. პრემიის ლაურეატი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.
"ევროპარლამენტი ამაყად დგას იმ მამაცი და შეუპოვარი ადამიანების გვერდით, რომლებიც განაგრძობენ ირანში თანასწორობისთვის, ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც ციხიდანაც კი განაგრძობს "ქალების, სიცოცხლის და თავისუფლების" მხარდაჭერას. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის პრიზის ლაურეატებად მათი არჩევით ევროპარლამენტს ახსოვს მათ ბრძოლა და პატივს მიაგებს ყველას, ვინ თავისუფლებისთვის უმაღლესი საფასური გადაიხადა“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.
22 წლის მაჰსა ამინი „მორალის პოლიციამ“ გასული წლის 13 სექტემბერს ჰიჯაბის "არასწორი" გამოყენების გამო დააკავა. დაკავების დროს ფიზიკური ძალადობის შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
დაჯილდოების ცერემონია სტრასბურგში, ევროპარლამენტში 2023 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.
საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის საპატიო ჯილდო 1988 წლიდან ადამიანის უფლებადამცველ აქტივისტებსა და დისიდენტებს გადაეცემათ.