უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა სრულად აცნობიერებს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა ზამთარში შეუქმნას.
„რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყოველთვის აკეთებს იმას, რაც მანამდე გაუკეთებია. ისინი იმეორებენ ყველა შეცდომას. იმეორებენ ყველა ბოროტებას. და როდესაც არაფერი გამოსდით, შემდეგ ფიქრობენ, რომ საკმარისი ბოროტება არ ჩაუდენიათ.
ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამ ზამთარს რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან გაანადგურონ ჩვენი ელექტროსისტემა. მათთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ უკრაინას ვერ დაიპყრობენ. ისინი შეეცდებიან მეტი დარტყმის მოყენებას და ჩვენი თავდაცვისთვის გვერდის ავლას“ ” - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც მთავრობისა და ენერგეტიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის, აღდგენისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების ზომები.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გასაძლიერებლად და ენერგეტიკის მდგრადობისთვის პარტნიორებთან თანამშრომლობს.
მისი თქმით, მიმდინარე კვირას შეთანხმებას მიაღწიეს გერმანიასთან უკრაინისთვის Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის გადაცემაზე, ასევე ესპანეთთან Hawk დამატებით სისტემებსა და ენერგეტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, იტალიასთან კი, უსაფრთხოების ახალი პაკეტის გაზრდაზე.