ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაგმო ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე რუსეთის თავდასხმა.
„კიდევ ერთი საზარელი თავდასხმა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები ომის დანაშაულია. რუსეთის ხელმძღვანელობა, ამ სისასტიკის ყველა მეთაური, დამნაშავე და თანამზრახველი პასუხს აგებს. დაუსჯელი არავინ დარჩება ომის დანაშაულებისთვის", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზა დაბომბეს. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსებმა დაბომბეს კაფე და მაღაზია, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. დაიღუპა 51 ადამიანი, ხოლო 6 დაშავდა. უკრაინული მხარის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ობიექტს „ისკანდერის“ რაკეტა მოხვდა.