უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ კონტრშეტევას ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით. მათ სავარაუდოდ გაარღვიეს რაბოტინო-ვერბოვოეს ხაზი და მიაღწიეს სანგრების ხაზს ვერბოვოეს დასავლეთით. რუსული მხარის გეოლოკაციის სურათები მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები, სავარაუდოდ, აღარ აკონტროლებენ აქ მდებარე დაახლოებით ერთკილომეტრიანი სიგრძის სანგრების ხაზს. ამის შესახებ წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, კადრებში ჩანს რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც ვერბოვოეს დასავლეთით უკრაინელ ქვეითებს სანგრებში თავს ესხმის. ანალიტიკოსების აზრით, რუსების მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები განდევნლია სანგრებიდან.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული ჯარების არყოფნა, შესაძლოა დაეხმაროს უკრაინის შემდგომ წინსვლას რეგიონში, რადგან სანგრები აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას უკრაინული ძალებისთვის.
როგორც ISW აღნიშნავს, სიტუაცია ვერბოვოეს მახლობლად გაურკვეველი რჩება, რადგან ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერები ნაკლებად აშუქებენ რუსეთის აქტივობას ფრონტის ამ ხაზზე და არ ავრცელებენ ცნობებს რუსეთის წარუმატებლობის შესახებ.