სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ყარაბაღში გაეროს მანდატით სამშვიდობო ძალების გაგზავნა მოითხოვა.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბრის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე არაპროვოცირებული და წინასწარ დაგეგმილი იყო.
მირზოიანმა აღნიშნა, რომ ბაქოს ქმედებები იყო საერთაშორისო სამართლისა და 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების უხეში დარღვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის, სტეფანაკერტისა და სხვა დასახლებული უბნების მთელ ტერიტორიაზე განურჩეველი თავდასხმები განხორციელდა რაკეტების, მძიმე არტილერიის, საბრძოლო დრონების, თვითმფრინავების, მათ შორის აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით. მინისტრის თქმით, შეტევითი მოქმედებების ინტენსივობა და სისასტიკე ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ნაკარნახევია მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის დასრულების განზრახვით. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ჯარები მთიანი ყარაბაღის მთავარ მარშრუტებს აკონტროლებენ, რაც ადგილზე ინფორმაციის მოპოვებას შეუძლებელს ხდის.
მინისტრმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს დაგმოს საომარი მოქმედებების განახლება და თავდასხმები სამოქალაქო დასახლებებზე და ინფრასტრუქტურაზე, მოითხოვოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების სრული შესრულება და სასწრაფოდ განათავსოს გაეროს უწყებათაშორისი მისია მთიან ყარაბაღში ვითარების მონიტორინგის და შეფასებისთვის ადამიანის უფლებათა სფეროს, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მდგომარეობის თვალსაზრისით.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უზრუნველყოს სასიცოცხლო მარაგების დაუყოვნებლივ აღდგენა, მოითხოვოს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების აღდგენა და უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღისა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის დიალოგის მდგრადი მექანიზმი ბაქოს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის მიზნით. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ყარაბაღის დასახლებებიდან მოლაპარაკებების დასრულებამდე აზერბაიჯანის სამხედრო და სამართალდამცავი თანამშრომლების გაყვანა, ასევე მთიანი ყარაბაღის პოლიტიკური და სამხედრო წარმომადგენლების მიმართ სადამსჯელო ქმედებების გამორიცხვა. გარდა ამისა, მირზოიანმა მოუწოდა შეიქმნას გაეროს მანდატის ქვეშ მყოფი სამშვიდობო ძალები, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთიან ყარაბაღში.