პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის მიერ რუსეთთან პოლონეთის შედარება უაღრესად შეურაცხმყოფელია პოლონელი საზოგადოებისთვის, ამიტომ ნდობის აღდგენას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„ეს {განცხადებები} იწვევს პოლონური ცნობიერების ღრმა გადაწერას უკრაინისა და უკრაინელების მიმართ, არამხოლოდ კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად“, - წერს რაუ Twitter (X)-ში.
რაუს თქმით, მას შემდეგ რაც სახლებში, სადაც პოლონელები უკრაინელ ლტოლვილებს იღებდნენ და მათ ისტორიებს ისმენდნენ, გასაკვირია როგორ შეიძლება ერთად ახსენო პოლონელები და რუსები, როგორც ხალხი, რომლებიც ზიანს აყენებენ უკრაინელებს.
„საუკუნეების განმავლობაში პოლონეთი და უკრაინა რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი იყო, რომელიც ცდილობდა ჩვენს დამორჩილებას 1939 წელს პოლონეთში და 2022 წელს უკრაინაში, ძალადობის, ძარცვის, დეპორტაციისა და სიკვდილით დასჯის გამოყენებით. ჩვენი მთავრობის დახმარება უკრაინისა და უკრაინელების მიმართ შესაძლებელი გახდა ყოველი პოლონური ოჯახის მხრიდან უკრაინელების მიმართ თანაგრძნობის წყალობით.
მიგვაჩნია, რომ უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არამხოლოდ საზიანო და მტკივნეულია, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელია. რთულია წარმოიდგინო, რომ ის მალე დავიწყებას მიეცემა. სწორედ ამიტომაა ის საზიანო უკრაინისთვის, ამის გამო ჩვენ შესაძლოა ბევრი რამ დავკარგოთ“, - აღნიშნა ზბიგნევ რაუმ.
ამასთან, რაუმ განაცხადა, რომ პოლონეთი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და გვერდზე არასდროს გადგება.
„უდიდესი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ აღდგეს პოლონელი საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ“, - დასძინა მინისტრმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინას აღარ მიაწვდის შეიარაღებას და ორიენტირებული იქნება საკუთარ თავდაცვით საჭიროებებზე. აღნიშნული განცხადება კიევსა და ვარშავას შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების ფონზე გაჟღერდა.
თუმცა შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავიეცკის სიტყვები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ არასწორად გაიგეს.
„მორავიეცკის სიტყვები ყველაზე ცუდი ფორმით იქნა ინტერპრეტირებული. ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრმა იგულისხმა, რომ უკრაინას არ გადავცემთ ახალ იარაღს, რომელსაც ამჟამად ვყიდულობთ პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის“, - განუცხადა დუდამ პოლონურ ტელეკომპანია TVN24-ს.