საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"როგორც ცნობილია, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ა.წ. 4 ოქტომბერს სოხუმში მიიღო დადგენილება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარე წლის 12 დეკემბერს დანიშვნის თაობაზე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არალეგიტიმური სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ქვეყნის კანონმდებლობის მორიგ უხეშ დარღვევას", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობითი კონსტიტუციური ორგანოები აქვს და ამ ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული სტრუქტურები".
"სხვა ინსტიტუტების არსებობა წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეშ დარღვევას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია" 93-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.
აქედან გამომდინარე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს მხოლოდ აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. ასევე, ამავე კანონის 1121-ე მუხლის მიხედვით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არის აფხაზეთის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. "პარლამენტი" და "პრეზიდენტი" არის არალეგიტიმური, უკანონოდ შექმნილი ინსტიტუციები; ისევე, როგორც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკანონო არჩევნები. საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიძლება არსებობდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მხოლოდ ერთი ლეგიტიმური სტრუქტურა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" და ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გასამართავი ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის უკანონო და არალეგიტიმური ღონისძიება და მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის სამართლებრივად კანონიერი შედეგი.