გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა დაიწყოს ხელახლა ფიქრი იმ ქვეყნების მიმართ მხარდაჭერის გაზრდაზე, რომლებზეც რუსეთი თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, ლიზ ტრასმა 6 აპრილს, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრეთან სამუშაო სადილზე განაცხადა.
ლიზ ტრასის განცხადებით, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა, უარი თქვან მოძველებულ მიდგომაზე რუსეთთან მიმართებაში.
1997 წელს ხელმოწერილი აქტი ადგენს, რომ "ნატო და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ".
"რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია მდგრადობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე", - თქვა ტრასმა.
CNN-ის ცნობით, ტრასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო არ დაუშვებს "უსაფრთხოების ვაკუუმებს" ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე.
"ნატომ უნდა დაიწყოს მხარდაჭერის საკითხის ხელახლა განხილვა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ფინეთისა და შვედეთითვის, რადგან რუსეთი ცდილობს, ეს ქვეყნები თავის გავლენის ქსელში ჩააბას", - აცხადებს ტრასი.
საგარეო საქმეთა მდივანმა ასევე მოუწოდა პარტნიორებს, გაამკაცრონ სანქციები და მიაწოდონ უკრაინას შეიარაღება "სწრაფად და გადამწყვეტად... რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი".
ლიზ ტრასმა ასევე მხარი დაუჭირა ნატოს ხარჯებისა და სამხედრო ყოფნის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში.
"იმისთვის, რომ ნატო დარჩეს გლობალური უსაფრთხოების ავანგარდში, ის უნდა იყოს გაბედული. როგორც პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა, ალიანსის პირველმა უმაღლესმა მეთაურმა, თქვა: "ისტორია დიდხანს არ ანდობს თავისუფლებაზე ზრუნვას სუსტებსა და გაუბედავებს", - დასძნა ტრასმა.