საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე სამუშაო პროცესი თვისობრივად ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებით დასრულდება. ამის შესახებ ბაქრაძემ 13 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა.
"ეს იყო შედეგიანი მოლაპარაკები. იყო აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, ამავე დროს გამოსავლის და კომპრომისი ძიების მცდელობა. ყველაფერმა ამან მიგვიყვანა კონკრეტულ შედეგამდე, რაც არის ის, რომ მომავალ ოთხშაბათს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და დაიწყებს უკვე კონკრეტულ საქმიანობას საარჩევნო კოდექსისა და გარემოს გაუმჯობესებაზე", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკების კარი ღია იქნება ყველა კვალიფიციური სუბიექტისთვის და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისთვის.
"პროცესი იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული. მასში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობას ქართული არასამთავრობოებიც მიიღებენ. ამ პროცესის შედეგად, უახლოესი თვეების განმავლობაში თვისობრივად ახალ კოდექსს მივიღებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, მუშაობის პროცესი არ იქნება ადვილი, მაგრამ ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ შედეგი ისეთივე კონსტრუქციული იქნება, როგორიც დღევანდელი შეხვედრა იყო.
შეგახსნებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა 17 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება.