ანაფილაქსიური შოკის გამომწვევი მიზეზი ბევრი ფაქტორი შეიძლება გახდეს. მათ შორის, მწერის ნაკბენიც კი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებზე და სხვადასხვა მედიკამენტებზე.
„ამ დროს, როცა ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და იქ ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, გასაგები ხდება ეს. მაგრამ როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და აქ დგება ეს სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ,“ - თქვა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული ანაფილაქსიური შოკი ფიქსირდება.
"რასაც მე ვსაუბრობ, არც ერთი არ ყოფილა ვაქცინაციასთან დაკავშირებული, ეს ყველა მოხდა სხვა მიზეზით. უხშირესი მიზეზი ეს არის სხვადასხვა სახის მედიკამენტები. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე“, - თქვა გამყრელიძემ.