დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ბ კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებში, ასევე, აგლაძის ქუჩის N34-ში შენობის ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება.
შენობის ავარიული სახურავების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N27-ში, ფიფიების ქუჩის N8 ბ-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსში.
გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში ხორციელდება, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და გორის ქუჩის N23-ში სადარბაზოების კარების შეკეთება მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 219 734 ლარს შეადგენს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.