გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კაი კაარელსონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო დაინტერესებული სეგმენტისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ინფორმაციის ოპერატიულად და სრულყოფილად მიწოდების მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხს.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ელჩს აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„საქართველო ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა კაი კაარელსონმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საზეიმო მიღებას მართავს, რომელსაც მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.