ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის ღონისძიებები უკვე დაწყებულია. სრულად აღდგა სახურავი აფხაზეთს #17-ში. ამჟამად დროებითი გადახურვის სამუშაოები ხორციელდება სამ მისამართზე, ფალავანდიშვილის, შავშეთისა და მახარაძის ქუჩებზე.
სახურავსა და შენობებზე თუნუქის ფირფიტების დაზიანებასთან დაკავშირებით მერიაში 18 შეტყობინება დაფიქსირდა. მდგომარეობის ადგილზე გაცნობისა და საჭიროებისამებრ რეაგირების მიზნით ყველა მისამართზე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები.
ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ავტობუსის მოსაცდელი ლერმონტოვის ქუჩაზე. დაზიანებული მოსაცდელის ტერიტორიიდან გატანის სამუშოები დაუყოვნებლივ განხორციელდა.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მაჭახლის, თაბუკაშვილის, მახარაძის, ქეთევან წამებულის ქუჩებსა და ბონი-გოროდოკის დასახლებაში ქარის შედეგად ხეები წაიქცა. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება უკვე განახორციელა გამწვანების სამსახურმა.
მიმდინარეობს დამტვრეული ტოტებისგან ქალაქის ქუჩების, პარკებისა და სკვერების გასუფთავება. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ შპს ,,სანდასუფთავების“ ჯგუფები, რომლებიც ქარის შედეგად დანაგვიანებული ქუჩების გაწმენდით ღონისძიებებს ახორციელებენ.
ამ დროისთვის ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.