ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის, - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით.
გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს. აბამ რით შეიძლება, აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო, ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს, რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია. მოკლედ, ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა, თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია, ღმერთი დაგვიფარავს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამი დღის განმავლობაში კვრის მონასტერი დაკეტილი იყო. ეს გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო. მიზეზად, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ. ამ საკითხზე განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი. ჯვრის მონასტერი დღეს გაიხსნა.