ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა მარნეულში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (საკუთრების მოწმობები) პირადად გადასცა. ფართების დაკანონების პროცესი მაისში, თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიწყო და 1 კვირის წინ დასრულდა. ოფიცილური დოკუმენტი კი დევნილებმა დღეს, პირადად მინისტრისგან მიიღეს.
დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, ეხლა ნამდვილად სჯერათ, რომ საკუთრების მფლობელები არიან. დოკუმენტის გადაცემა ჭიქა ღვინით აღნიშნეს და სვანური, ტრადიციული სუფრაც კი გაშალეს.
ლამზირა მეგრელიშვილი, დევნილი: „ძალიან გაგვახარეს. ეხლა უკვე ნამდვილად გვჯერა, რომ ბინები ჩვენია და საკუთრების მფლობელები ვართ. მანამ კი მაინც ეჭვით ვიყავით, არ გვეგონა, დაკავებულ ფართებნს თუ დაგვიკანონებდნენ. 2 თვის წინ მინისტრი პირადად ჩამოვიდა ჩვენთან და დაგვპირდა, რომ ამონაწერებს მოგვიტანდა. დღეს პირობა შეასრულა. ჩვენ კი არ მოგვიწია თბილისში ჩასვლა ამ დოკუმენტის ასაღებად, მინისტრი თავად ჩამობრძანდა და თვითონ ჩამოგვიტანა საკუთრების მოწმობა. მადლობა ყველას, ვინც ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა მიიღო."
მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით, კი დევნილებისთვის ფართების დაკანონება გაგრძელდება: „დღეს ფართები საკუთრებაში აფხაზეთიდან დევნილმა 69 ოჯახმა მიიღო. დოკუმენტი უკვე ხელიში აქვთ. ეს არის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გაცემული დაკანონების დოკუმენტაცია. ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი ყველა რაიონში გაგრძლდება, სადაც რამე დაგვრჩა, ყველგან ჩავალთ."
აღნიშნულ დასახლებაში აფხაზეთიდან დევნილი 224 ადამიანი ცხოვრობს.