ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დათმობებზე წასვლა რუსეთმა მის სისუსტედ აღიქვა და ახლა ამერიკა ცდილობს, თავისი პოლიტიკა შედარებით ხისტი გახადოს. ამის შესახებ ნიკა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ამერიკას თავისი გეოპოლიტიკური, გეოსტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შესაბამისად საქართველოში კვალავ აქვს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები დათბა, თუმცა გამოჩნდა, რომ აშშ საქართველოს მიტოვებას არ არ აპირებს და მზადაა სხვადასხვა მიმართულებით დახმარება აღმოუჩინოს. ვგულისხმობ დახმარებას ქვეყნის დეოკუპაციის საკითხში, ეკონომიკურ დახმარებას და ა. შ.", - განაცხადა ჩიტაძემ.
რაც შეეხება ტერმინ ოკუპაციას, ექსპერტის შეფასებით, აშშ რეალისტურად აფასებს ვითარებას. მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯები გადაგა, თუნდაც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოსკოვმა მის პოლიტიკურ სისუსტედ აღიქვა.
"შეერთებული შტატების მიზანია, პოლიტიკა შედარებით ხისტი გახადოს რუსეთთან მიმართებაში. სწორედ ამიტომაც არის, რომ ტერმინი ოკუპაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც გამოიყენა, რაც უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამერიკა რუსეთზე დიპლომატიურ ზეწოლას გაააქტიურებს. აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადება, რომ კონფლიქტის მოგვარების გარანტია არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება - ეს ნიშნავს, რომ უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს", - აღნიშნა ჩიტაძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტის მიღების ინციატივით როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელების გამოვიდნენ.
"აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რუსეთი რამდენად კონსტრუქციული იქნება სხვადასხვა მიმართულებით", - აცხადებს ჩიტაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისს დღეს, 12:00 საათზე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კლინტონი ლიდერ ქალებს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიასა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. კლინტონმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების დადებითად შეაფასა და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა აღუთქვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისიდან კრემლს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაიყვანოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეასრულოს. კლინტონმა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით საქართველოსადმი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა.