აფხაზეთი კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურები აფხაზეთში ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებისათვის ნებართვას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისგან იღებდნენ. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
აფხაზური მხარე აღნიშნავს, რომ "2008 წელს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას შესთავაზა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება".
მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ სოხუმში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრაც გაიმართა.
"ჩვენ არ გვაწყობს ის, რომ აფხაზეთის პროექტები საქართველოში უნდა დამტკიცდეს. ჩვენ მადლობლები ვართ იმისათვის, რომ 16 წლის განმავლობაში აფხაზეთში აფხაზეთისათვის აუცილებელი ჰუმანიტარული პროექტები ხორციელდებოდა და ეს კოლოსალური მხარდაჭერაა. ეს პროექტები ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა", _ განაცხადა მაქსიმ ღვინჯიამ.
მისი ინფორმაციით, დღეს აფხაზეთში თავის მისიას გაეროს ხუთი სააგენტო და ექვსი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ახორციელებს.