იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია 30 მაისის არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს და მიტინგების მოწყობას შეეცდება, ინიციატივას ხელში ის ოპოზიციური ძალები აიღებენ, რომლებიც გუშინდელ არჩევნებში არ მონაწილეობნენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილე პარტიებს საპროტესტო აქციების ორგანიზების რესურსი არ გააჩნიათ. ამის შესახებ ცისკარიშვილი ესაუბრა.
"იმ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც გუშინდელ არჩევნებში მონაწილეობდა, არამგონია ჰქონდეს საკმარისი რესურსი იმსთვის, რომ რაიმე ერთიან საპროტესტო აქციებზე ჩამოყალიბდნენ. ამ შემთხვევაში ინიციატავა დაეთმობა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ არჩვენებში", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ უკვე დაიგვიანა, რადგან პროტესტი გუშინვე უნდა გამოეხატათ.
"შედეგის მიმართ კრიტიკული განწყობილების შემთხვევაში პროტესტი უკვე დაგვიანებულია, რადგან მშვიდმა ღამემ, რომელიც ოპოზიციამ გაატარა უკეთესი დილის მოლოდინში, ძალა შემატა იმ სახელისუფლებო გუნდს, რომელმაც "გამოცხადებული არჩევნების" შედეგები წინასწარ საკუთარ კაბინეტებში გამოიყვანა. შესაბამისად, ოპოზიციის მდუმარე ღამემ ასეთ შედეგებს კანონის ძალა შესძინა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცისკარიშვილმა.
კითხვაზე შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკმარისი კონკრეტული ბრალდებების გარეშე ხალხის მობილიზებას და მათ არჩევნების გაყალბებაში დარწმუნებას, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ ბრალდებები საკმარისია:
"კონკრეტული ბრალდებები საკმარისია, თუნდაც დღევანდელ პრესაში, იმისათვის, რომ ადამიანი რომელსაც აღშფოთების უნარი შერჩენია აღშფოთდეს. თავად პრესაა ისეთ სიტუაციაში, რომ მკითხველამდე ვერ მიდის და მკითხველს პრესაზე ფინანსურად აღარ მიუწვდება ხელი. ამდენად, არა მგონია ოპოზიციური პარტიების ნაწილის რისხვა კაბინეტებს გასცდეს", _ აღნიშნავს პოლიტოლოგი.