ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, "ალიანსის შეთავაზებაზე "ქრისტიან-დემოკრატების პასუხი იდეურად არათავსებადი იყო".
"ვფიქრობ, ალიანსის შეთავაზება საკმაოდ კონსტრუქციულია, მით უმეტეს მაშინ, როცა ირაკლი ალასანიას რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე გია ჭანტუარიასი. ასეთ დროს პარტიებმა სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ და არა ვიწრო პოლიტიკური ამბიციებით, როგორც ამ შემთხვევაში იყო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სესიაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, როდესაც არჩევნები დასრულდება, იმ პოლიტიკური ძალებმა, რომლებსაც განსაკუთრებული ამბიციები ჰქონდათ და კონსტრუქციულ შეთავაზებაზე არ წავიდენენ (რაც ქვეყანაში დემოკრატიული გზით ცვლილების განხორციელების წინაპირობა იქნებოდა), პასუხისმგებლობა დღესვე უნდა აიღონ და თქვან, რომ არჩევნებში მოპოვებული ერთნიშნა რიცხვი მათი პოლიტიკური მარცხია.
"თუ ოპოზიცია ამ არჩევნებში გაიმარჯვებდა, სახელმწიფოს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემოდა, მაგრამ როდესაც ვიღაც თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო გონივრულად არ მოქმედებს და საბოლოო ჯამში შედეგი გვიჩვენებს, რომ მათი ამბიციები რეალური არ იყო, მათ პასუხისგება მოუწევთ და ასეთ შემთხვევაში უნდა თქვან, რომ "ჩვენ ვითამაშეთ სააკაშვილის თამაში". თუ ამისთვის მზად არიან, მაშინ წინასწარ თქვან, მათი კანდიდატები რა პროცენტს დააგროვებენ და ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ", - განაცხადა სესიაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკური ძალების ძირითადი ნაწილი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და მიღწეული "წარმატებად" პარლამენტში და საკრებულოში რამდენიმე სკამს მიიჩნევს.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურაა ჩამოყალიბებული, რომელიც ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სურს, ხოლო "ალიანსის" მერობის კანდიდატს, ირაკლი ალასანიას, მერობა სურს იმისთვის, რომ გარკვეულწილად შექმნას პოლიტიკური ბალანსი _ ოპოზიციური ძალა ქვეყნის მართვაში გარკვეული დოზით ჩაერთოს და პლაცდარმი მოამზადოს, რომ ერთობლივი ბრძოლა შესაძლებელი გახდეს.
"ახლა კი, რასაც ვხედავ "ქრისტიან-დემოკრატებში", ისინი ძირითადად აპელირებას სოციალურ საკითხებზე აკეთებენ, მაგრამ მთელი ეს სოციალური პრობლემატიკა მოდის არა სახელმწიფოს მიერ სოციალური საკითხებისადმი არასწორი დამოკიდებულებიდან, არამედ იქიდან, რომ ზოგადად ქვეყანაში არის უსამართლო გარემო", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსმა" "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ მერობის კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა. საპასუხოდ კი ალიანსი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ინგა გრიგოლიას მხარდაჭერას ჰპირდებოდა. თუმცა, "ალიანსის" შეთავაზებაზე გიორგი თარგამაძის პარტიამ უარი თქვა.