აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ნიკარაგუაში გამგზავრებას გეგმავს. ეს განცხადება დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ "თავის" ნიკარაგუელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.
ღვინჯიას თქმით, სერგეი ბაღაფშის ნიკარაგუაში ვიზიტისას დეტალურად იქნება განხილული აფხაზეთისა და ნიკარაგუას ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
"ჩვენ გაგაკეთებთ ყოველივე შესაძლებელს იმისათვის რათა ჩვენს შორის ურთიერთობები განვითარდეს. თანამშრომლობის პერსპექტივები კი დიდი გვაქვს", _ განაცხადა ღვინჯიამ.
თავის მხრივ, ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ღვინჯიას ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში ნებისმიერ დროს აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ნიკარაგუას დელეგაცია სეპარატისტულ აფხაზეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ჩავიდა. სოხუმში ნიკარაგუას დელეგაცია უკვე შეხვდა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას. ნიკარაგუას დელეგაცია აფხაზეთის დატოვებას ხვალ 17 აპრილს აპირებს, თუმცა გამგზავრებამდე ნიკარაგუელები ახალი ათონისა და აფხაზეთის სხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერებას გეგმავენ.