"ალიანსი საქართველოს" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სტუდენტებს განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე ესაუბრა.
როგორც ალასანიამ ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, სტუდენტებთან შეხვედრები მისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მისთვის სტუდენტობის აზრი მნიშვნელოვანია.
"გარდა იმისა, რომ გვაინტერესებს რას ფიქრობს სტუდენტობა ქვეყნის განვითარებაზე. გვინდა ჩვენი შეთავაზებები გავაცნოთ სტუდენტებს იმის შესახებ, რა ინიციატივები გვაქვს განათლების სფეროში და ავუხსნათ თბილისის მუნიციპალიტეტიდან განათლების სფეროსთვის რის გაკეთებას ვაპირებთ", - განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, ახალგაზრდობას ხარისხიანი განათლების საშუალება უნდა მიეცეს.
"სწორედ ამიტომ გავაცანით სტუდენტებს ის პროექტი, რომელიც გვაქვს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ გავიმარჯვებთ არჩევნებში, თბილისის მუნიციპალიტეტთან შეიქმნება მერის ფონდი, რომელიც წარმატებულ სტუდენტებს დაეხმარება სწავლის საფასურის დაფარვაში", - აღნიშნა მან.