ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა "დემოკრატიული რეფორმების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას დადებითად აფასებს".
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონში მიმდინარე "ბირთვული უსაფრთხოების სამიტის" მსვლელობისას აშშ-ს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის გამო კმაყოფილებაც გამოხატა.
გარდა ამისა, ვაშაძის უწყების ინფორმაციით, "საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის".
"ლიდერებმა ასევე განიხილეს მათი საერთო მისწრაფება, რათა მოხდეს ბირთვული მასალების გაუვნებელყოფა ბირთვული შეიარაღების გავრცელების საფრთხის შესამცირებლად", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.