საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი სამუშაო ვიზიტით, ირლანდიაში, დუბლინში გაემგზავრა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის TAIEX_ის პროგრამის ორგანიზებით, დუბლინში 12-16 აპრილს შრომის სისტემების თემაზე შეხვედრები გაიმართება. ვიზიტის მიზანი საქართველოში სოციალური დიალოგის განმტკიცება და ამ კუთხით ირლანდიური გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირაჯკლი პეტრიაშვილი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ლეკოურტიც დაესწრებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, ირლანდიის შრომის სისტემის გაცნობა და ეროვნული სოციალური დიალოგის გამოცდილების გაზიარება.
სამმხრივი დიალოგი საქართველოს მთავრობას, დამსაქმებელთა ასოციაციასა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის 2008 წლის დეკემბერში დაიწყო. დიალოგის ფარგლებში, დაიგეგმა სამუშაო ვიზიტი ირლანდიაში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანას სოციალური დიალოგის 30-წლიანი გამოცდილება და ერთ-ერთი საუკეთესო შრომის ადმინისტრაცია აქვს.