მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე სოზარ სუბარის შეთავაზებაზე უარს აცხადებს და განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობა მისთვის ვირტუალური თანამდებობაა.
"საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის არც მე და არც სოზარი იბრძვის. პირდაპირ გეტყვით, არც მერობისთვის ვიბრძვი. მე ვიბრძვი თანხმობისთვის - გამარჯვების ფორმულისთვის. თანაც, საკრებულოს თავმჯდომარეობა სოზარისთვისაც, ჩემთვისაც და სხვისთვისაც ძალიან ვირტუალური რამეა, რადგან ამას სჭირდება 26 დეპუტატი. საკრებულოს 26 დეპუტატის შეკრება კი ერთიანი ფრონტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ჩემთვის ადამიანურად ამ შეთავაზების მიღება შეუძლებელია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში საუბრისას.
ამასთან, გაჩეჩილაძე სოზარს შეთავაზებული წინადადებისთვის მადლობას უხდის და მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარს აცხადებს, მზადაა ამ პოსტზე ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმების პროცესში სუბართან ერთად თავადაც ჩაერთოს.
"მე სოზარს ავუხსენი ისიც, რომ ჩემი ვერც ერთ მხარეს და ვერ მეორე მხარეს დგომა ოპოზიციურ ძალას, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების ძალა ჰქვია, ვერაფერს შემატებს, თუ ოპოზიციაში ის კრიზი დარჩა, რაც არის...
საქართველოს გადარჩენა არ არის ლევან გაჩეჩილაძის საკრებულოს თავმჯდომარეობაში, მით უმტეს, ძალიან ვირტუალურ თავმჯდომარებაში, საქართველოს გადარჩებნა ეს არის იმაში, რომ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ 13 მარტის კინოს ავტორებს, რომელიც "იმედის" ეთერში გავიდა", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
"არ ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატი, რადგან ეს პრიორიტეტული არ არის. მე სხვა ერთიან კანდიდატს დავუჭერ მხარს და რა ფუნქციასაც მომანიჭებენ საარჩევნო კამპანიაში, მზად ვარ იმ მიმართულებით ვიმუშაო", - დასძინა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მზადაა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, თუკი ოპოზიციური პარტიები ერთიან კანდიდატზე, თუნდაც ლევან გაჩეჩილაძის ან ინგა გრიგოლიას კანდიდატურაზე შეთანხმდებიან.