"ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსი საქართველოსათვის" გორის ორგანიზაციის
თანათავმჯდომარემ იოსებ ბორცვაძე აცნობა, ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების აქტიურ გამოყენებას განაგრძობს, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი განთავსდება, რომლის საოფისე ქირა რეალურ ფასთან შედარებით მინიმალურია.
"ოფისის ქირა 200 ლარია, მაშინ, როცა 30 მეტრის მოშორებით ანალოგიური ფართის საბაზრო ღირებულება 1 000 დოლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ აქვე #86 საარჩევნო უბანია განთავსებული. აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს. ამის შესახებ დღეს წერილი გაეგზავნება ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარს შევიტანთ", - აცხადებენ ალიანსში.