ბათუმში ახალი სამედიცინო კლინიკა გაიხსნა. მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილიანია. ის, მეზღვაურების პარალელურად, ნებისმიერ მსურველს მოემსახურება.
სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მედიკოსები პაციენტებს ყველა სახის მომსახურებას გაუწევენ. ადგილობრივი და თბილისიდან მოწვეული მედიკოსები პაციენტებს 16 მარტიდან მიიღებენ.
კლინიკა თვალის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს. ხელმძღვანელები ამბობენ, რომ რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ საშუალება მისცა კლინიკა გაეფართოვებინათ.
მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ესწრებოდა. ლევან ანთაძემ კლინიკა დაათვალიერა და მედიკოსებს ესაუბრა.
მეზღვაურთა ოჯახის წევრებისა და 60 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის 25-პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს.