საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, თავიანთ საქმიანობასა და ჟურნალიტურ ეთიკას მეტი ყურადღებით მოეკიდონ. პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება დღეს პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმოვანა.
"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 13 მარტს გასული მოდელირებული ქრონიკა ჟურნალისტური ეთიკისა და სტანდარტების დარღვევაა და საზოგადოებას ადეკვატური რეაქციაც ჰქონდა. პრეზიდენტი მოწუოდებს მედიის წარმომადგენლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმიანობას და დაიცვან ჟურნალისტის ეთიკა და სტანდარტები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული გადაცემის მომზადებაში პრეზიდენტი იყო ჩართული, რაც სრული აბსურდია.
"სრული აბსურდია, რომ მოდერილებული ქრონიკის მომზადებაზე საქმის კურსში პრეზიდენტი და მთავრობა იყო, რადგან თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გადაცემის გასვლის შემდეგ ვინც დაზარალდა, პირველი სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და მედიის კონტროლი არ შეუძლია. ეს რომ ნამდვილად ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ მოდელირებული ქრონიკა, რომელიც ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა, მედიაზე განხორციელებული კონტროლის შემთხვევაში ეთერში არ გავიდოდა", - განაცხადა მანჯგალაძემ.