„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტება:
„ქურდული სამყაროს“ წევრია პირი, რომელიც „ქურდულ სამყაროს“ აღიარებს, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. ასევე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ მზადყოფნას გამოხატავს.
„შემოთავაზებულმა ნორმამ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯად ქმედებად აღიარა პასიური წევრობაც, რაც „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა და დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფციიდან გამომდინარეობს”, – განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
ინიციატივაში განმარტებულია, რომ აქტიური წევრობა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას, მისი საქმიანობის, აქტივობების განხორციელების გარეშე.
„პასიური წევრობა ეს არის – პირის მზადყოფნა დანაშაულის ჩადენაზე, პირის ნების დეკლარირება, რომ მომავალში დანაშაულს ჩაიდენს. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. „ქურდული სამყაროში“ შესვლა უკვე საშიში ქმედებაა და მომავალი პოტენციური დანაშაულების ჩადენის წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასჯადი ხდება არა სოციალური სტატუსი, არამედ „ქურდული სამყაროსადმი“ (დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი) კუთვნილება. პირის „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება, პასიური წევრობა სახეზეა, როდესაც არსებობს პირსა და „ქურდულ სამყაროს“ შორის ორმხრივი კავშირი.
„ქურდული სამყაროს“ წევრობა დენადი დანაშაული გახდა და აღნიშნული ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე უწყვეტად ხორციელდება. დღეს მოქმედი რედაქციით, აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს ატარებს, რამდენადაც სტატუსის შეძენასთან ერთად პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც მოითხოვს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 26 თებერვალს - ბიუროს სხდომაზე მოხდა.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები ამომწურავი აღარ იქნება