რა გავლენას იქონიებს უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რას უნდა ელოდოს უახლოეს პერიოდში საქართველო რუსეთისგან და რა ტაქტიკით უნდა იმოქმედოს არსებულ სიტუაციაში ხელისუფლებამ? ,,ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა.
_ ქალბატონო ხათუნა, უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების მზადება შეაჩერა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული გადაწყვეტილება იქონიებს გავლენას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე?
_ თავისთავად უკრაინის გადაწყვეტილება არასასიამოვნო ფაქტია, რომელიც ევროპულ სივრცეში ბევრ ტენდენციას გამოკვეთს. უპირველეს ყოვლისა იმას, რომ ევროპამ უკრაინისთვის ომი წააგო. ამ პროცესში ბევრი ფაქტორი მუშაობდა, ის რომ დღეს ევროპა ეკონომიკურად იმდენად სუსტია, რომ უკრაინას ვერაფერი ხელშესახები შესთავაზა, რომელიც უკრაინას მეტ-ნაკლებად მაინც დააზღვევდა რუსული ბაზრის დაკარგვისგან. მოგეხსენებათ რუსულ ბაზარზე გადის უკრაინული წარმოების 25% და ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობის ქვეყნისთვის აღნიშნული ბაზრის დაკარგვა ჰუმანიტარული კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამერიკა ცდილობდა ბოლო დროს თუ არ ვცდები მსოფლიო ბანკსაც მიმართა ფინანსური დახმარება აღმოეჩინა უკრაინისთვის, მაგრამ მსოფლიოს ფინანსური ორგანიზაციები და ევროკავშირი მზად არ აღმოჩნდა უკრაინისთვის რეალური დახმარების გასაწევად. გარდა ამისა, საქმე როცა ევროპის ახალ არქიტექტურას ეხება სრულიად გაუგებარია ევროპის დაჟინება, გინდა თუ არა ტიმოშენკო უნდა გამოუშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროინტეგრაციის გზას ჩაგიკეტავთ. სიმართლე გითხრათ არ მესმის რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ერთ თუნდაც მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელ ადამიანს, როცა საქმე ევროპის ახალ არქიტექტურას ეხება და რატომ უნდა გადააყოლოს ევროპამ, ლობისტურმა ორგანიზაციებმა ევროპული მომავალი ერთ პერსონას ამ შემთხვევაში ტიმოშენკოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება უკრაინის გადაწყვეტილება საქართველოზე, აისახება პირდაპირ მინდა გითხრათ მძიმედ, რადგან უკრაინა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ერთგვარი ფარი იყო, რომელიც რუსეთის აგრესიისგან საქართველოს მეტ-ნაკლებად დაიცავდა. უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში რუსეთის აგრესიულ მადას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგებოდა, მათ შორის მის მიზნებს საბაჟო კავშირის ფორმირების გზაზე. უკრაინის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთი გამარჯვებით უფრო გულმოსული იქნება, რომ მან ,,წელში გადატეხა" არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგობაც და ამ პროცესს აშშ ვერაფერი უშველა. ბოლო თვეების ტენდენციას თუ დავაკვირდებით სირიაში პუტინის პოლიტიკის გამარჯვების შემდეგ, ეს არის რუსეთის ხელისუფლების უკვე მეორე საკმაოდ დიდი გამარჯვება, რაც საქართველოს კარგს არაფერს უქადის.
_ თქვენი კოლეგები აცხადებენ, რომ უკრაინის გადაწყვეტილებამ საქართველოზე, შესაძლოა, პოზიტიურადაც იმოქმედოს, რადგან ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად დაეხმარება, მეტს შეღავათს გაუწევს, რადგან არ დაუშვებს, საქართველოში უკრაინული მაგალითის გამეორებას. იზიარებთ ამ პოზიციას?
_ ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად ევროკავშირი როგორც არ უნდა მოიქცეს უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური მასშტაბები და ის დახმარება რომელიც უკრაინას სჭირდებოდა სრულიად განსხვავდება საქართველოს პრობლემისგან. საქართველოსა და უკრაინაში განსხვავებული წონითი პრობლემებია. ქვეყნებს შორის მასშტაბებს, მოსახლეობის რაოდენობას თუ შევადარებთ წესით ევროპას საქართველოს დახმარება და დაცვა უფრო უნდა უადვილებდეს. პრინციპში საქართველოსთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა მტკივნეული არც უნდა იყოს, რადგან ეს ბაზარი, ფაქტობრივად, არ აქვს, რაც უკრაინის შემთხვევაში ყველაზე არსებითი იყო. თუმცა საუბარი, მიმდინარეობდა იმაზე რომ უკრაინაში შესაძლებელი იყო ტერიტორიული დავების ნიადაგზე შიდასამოქალაქო დაპირისპირება და შემდეგ გარკვეული ინტერვენციანც განხორციელდებოდა, მაგრამ ეს არ იყო არსებითი, რადგან პერსპექტივაში ამ საფრთხის განეიტრალება შესაძლებელი იყო. მთავარი სწორედ ის, რომ იყო უკრაინისთვის იკარგებოდა რუსული ბაზარი. საქართველოს შემთხვევაში ამგვარი ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემა არ არსებობს. ამ მხრივ რუსეთს არაფრით არ შეუძლია დიდად საქართველოს დაზარალება. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რუსეთს შეუძლია საბაჟო კავშირის წევრი დანარჩენი ორი ქვეყანა აიძულოს შეწყვიტონ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები. სამწუხაროდ, მონაცემები არ მაქვს რა წილი აქვს საბაჟო კავშირის ქვეყნებს, რუსეთის გარდა, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში და არა მგონია, ეს მაჩვენებელი იმხელა იყოს, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობაზე.
_ უნდა ველოდოთ, რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებას?
_ მთავარი საფრთხე ჩვენ გველოდება არა აფხაზეთიდან და არა ოსეთიდან, თუმცა მცოცავი აგრესია რუსეთის მხრიდან გაგრძელდება, მე უფრო მეშინია, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების ინსპირირება არ მოხდეს.
_ რუსეთის მხრიდან?
_ რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ მიზნით შიდა მეხუთე კოლონას გამოიყენებენ რაც საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. გარდა ამისა, საქართველოში ეთნიკურ რეგიონებს უნდა მიხედვა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმდენად ფარული და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგების მომტანი პროცესები ვითარდებოდა, რომ ამან შეიძლება ერთბაშად იჩინოს თავი და ეს მოხდეს სწორედ რუსეთის დაინტერესებისა და აქტიური ჩარების შემთხვევაში. ბევრი მიმართულებით, რუსეთის მხრიდან ჩვენ გველოდება ნელი მოქმედების ნაღმი. დღეს ხელისუფლება უნდა იჯდეს ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან ერთად და უკვე უნდა ითვლიდეს რუსეთიდან ყველა შესაძლო გამოწვევას, იდებოდეს რეკომენდაციები, რისკებისა და საფრთხეების განეიტრალების გზები იძებნებოდეს, ამასთან ამ პროცესში უნდა იძებნებოდეს აშშ-გან და ევროკავშირისგან დახმარების ფორმები. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი რაღაცას შემოგვთავაზებენ. გადამწყვეტ მომენტებში, როგორც ვხედავთ, დასავლეთი ძალიან უსუსურია. აღარაფერს ვამბობ საქართველოს 2008 წლის ომზე, მშვიდობიან პერიოდში ბოლო პერიოდში უკრაინა მარტო დატოვა რუსეთთან. ამიტომ ჩვენ თავად უნდა გამოვნახოთ ის ფორმები რაც ევროპისგან, აშშ-გან დახმარების სახით გვჭირდება და უნდა შევეცადოთ, რომ ამ დახმარებას მაქსიმალურად მივაღწიოთ. ვფიქრობ, პრობლემური იქნება სოჭის ოლიმპიადის შემდეგ რუსეთისგან ზეწოლა. მანამდე ჩვენ გვაქვს გარკვეული ლუფტი, სანამ სოჭის ოლიმპიადა არ დამთავრდება განსაკუთრებულ რუსულ აგრესიას, არ ვგულისხმობ პირდაპირ სამხედრო აგრესიას, არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ეს რამდენიმეთვიანი ლუფტი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი.