მთავრობა საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარს არ ამბობს. როგორც დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, საპენსიო რეფორმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე ვარიანტი და ერთ-ერთი კონტრიბუცია შესაძლოა საშემოსავლო გადასახადის თანდათანობითი შემცირება იყოს.
„საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. შეიქმნა საპენსიო სისტემის ოფისი, ე.წ. „მეორე პილარის" საპენსიო სისტემის ოფისი, რომელიც ჩვენს სამინისტროშია. ამ სისტემას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი რესურსი აკუმულირებისთვის და მომავალი წლიდან ჩვენ უკვე შემოვალთ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებით და ინსტიტუციონალური რეფორმებით, რათა მოხდეს მთლიანად იმ ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბება, რომელშიც ე.წ. დაგროვებითმა საპენსიო სისტემამ უნდა იმუშაოს. მოგეხსენებათ დღეს, ჩვენს გვაქვს საყოველთაო საპენსიო სისტემა, რომელიც არ არის მიბმული სტაჟთან და დამსახურებასთან. ეს არის ე.წ. „ნულოვანი პილარი". ჩვენ ვაპირებთ, რომ დავგეგმოთ ე.წ. „მეორე პილარი", რომელიც იქნება დაფუძნებული სავალდებულო შენატანებზე და რომელიც ძალიან ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედებს. სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში მოხდა პიონირება ამ სისტემის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სერიოზულ რეფორმებს მოითხოვს. კონტრიბუციებზე გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს, მაგრამ იქნება თანდათანობითი შემცირება საშემოსავლო გადასახადის, რომლიდანაც კონტრიბუცია იქნება მიმართული საპენსიო სისტემაში. ამას ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.