საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დიანა იანსემ ხელი მოაწერეს "საქართველოსა და შვედეთის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმებას.
„შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" შეთანხმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა.
„ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" ხელშეკრულებებზე. მოხარული ვარ, რომ ანალოგიური შეთანხმება გავაფორმეთ შვედეთის მთავრობასთან. ეს საშუალებას მოგვცემს მეტი ბიზნესმენი დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით. აღნიშნული შეთანხმება, ასევე, საინტერესო იქნება ქართველი ბიზნესმენებისთვის. ორივე მხარეს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს ორმაგი დაბეგვრა და იმუშაოს უფრო კონკურენტულ გარემოში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. ვფიქრობ, აღნიშნული შეთანხმება დაეხმარება როგორც შვედ ბიზნესმენებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში, ისე ქართულ კომპანიებს, რომლებიც გეგმავენ საქმიანობას შვედეთში. ჩემი სურვილია, მეტი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს," - განაცხადა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დიანა იანსემ.
2008-2012 წლებში საქართველოსა და შვედეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 94 594 250 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან შვედეთიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 92 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით, იქმნება აუცილებელი პირობები, რათა საქართველოში ხელი შეეწყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვას. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენცია ძალაშია უკვე 45 ქვეყანასთან.