ტელეკომპანია „ტაბულას" ინფორმაციით, ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი შესაძლოა საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმის ინფორმაციით, ისინი საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცევა. გადაკვეთა სოფელ ყარაფილაზე ხდება. ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილის სიგრძე, რომელიც, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცევა, დაახლოებით 1600 მეტრია.
მილსადენის ნაწილის ე.წ. საზღვრის მიღმა მოქცევა გადაცემა „ტაბულასთან" საუბრისას ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ რეგიონულ და სტრატეგიულ პრობლემად შეაფასა.
"ეს არის რეგიონული და სტრატეგიული პრობლემა, როდესაც ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც გადააქვს ნავთობი კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში და შემდეგ ეს მიდის ევროპაში. ეს არის BP-ს მფლობელობაში. ეს მილსადენი დიდი ალბათობით, იმ დეკლარირებული გეგმით, რაც მათ აქვთ, მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს სერიოზულ რეგიონულ პრობლემებს და ასევე არის გარკვეული გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", - განაცხადა ხოშტარიამ.